Debrief.
Conference series Zak World of Façades Editions, speakers and registration
Follow

Published in the language of the original session. The English translation is provided for reference and may not be fully accurate, please verify technical terms against the source.

პანელი ეძებდა პასუხს ერთ კითხვაზე: შეუძლია თუ არა თანამედროვე ფასადს დარჩეს ადგილობრივად რელევანტური. ფესვგადგმული თანამედროვეობა აქ ნიშნავს ადგილთან კავშირს – ქსოვილს, მასალას, ლანდშაფტს – და არა ისტორიული ფორმის პირდაპირ გამეორებას.

Okrokhana House – ქვისა და ხის მოცულობა ფერდობზე
Okrokhana House. თანამედროვე მოცულობა ქვასა და ხეში, ფერდობზე: ადგილთან კავშირს ქმნის ის, თუ როგორ ზის შენობა კონკრეტულ გარემოში, და არა ისტორიული დეტალის გამეორება.

შეუძლია თუ არა თანამედროვე ფასადს დარჩეს ადგილობრივად რელევანტური? ამ კითხვის გარშემო შეიკრიბნენ სოფო გასვიანი (დი არქიტექტი), დავით გოგიჩაიშვილი (ელიტა ბურჯი), მარია ფელანგია (MUA) და გოგა გოგავა (ანაგი); მოდერატორი გვანცა ჩუბინიძე იყო არტსტუდიო პროექტიდან. ფესვგადგმული თანამედროვეობა აქ ნიშნავს ადგილზე პასუხს და არა ისტორიული ფორმის გამეორებას. ფელანგიამ ტერმინი ასე გახსნა: ეს თანამედროვე დიზაინის ენის დიალოგია ადგილობრივ კონტექსტთან – მაქსიმალურად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ამავე დროს არ დავკარგოთ იდენტობა. საუბარი სამ პრაქტიკულ საკითხზე გაიშალა: მასალა, მისი მოპოვება და რესტავრაცია. ჩუბინიძემ სამივე მათგანს ერთი პრაქტიკული ჯაჭვი მიუყენა: მოპოვება, პროექტში იმპლემენტაცია და შემდგომი მოვლა-პატრონობა. გოგიჩაიშვილს საფასადე სისტემებში ჩვიდმეტ წელზე მეტი გამოცდილება აქვს ისეთ პროექტებზე, როგორიც ქინგ დევიდი და პარაგრაფი შეკვეთილია.

მასალა, რომელიც ბუნებრივად გამოიყურება

გოგიჩაიშვილმა შეადარა, რითი შემოიფარგლებოდა ქართული ფასადი ადრე – ლესვითა და აგურით – და რა შეენაცვლა დღეს. მისი ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი ტერაკოტაზეა, გამომწვარ თიხაზე, რომელიც სრულიად ბუნებრივის შთაბეჭდილებას ტოვებს. კომპოზიტურ მასალებში, რა თქმა უნდა, თანამედროვე ქიმია და ტექნოლოგიაა, თუმცა, მისი დაკვირვებით, ხელოვნურად გამომზირალი საფასადე მასალების ეტაპი უკვე გავლილია: მიუხედავად იმისა, რომ ახალი მასალები ძვირია, დამკვეთი მაინც ხარისხის, ავთენტურობის, ბუნებრიობისა და ეკოლოგიის მიმართულებით მიდის. ამას თბოტექნიკური მხარეც ემატება – გონივრულად დაგეგმილი და დათვლილი ფასადი შემდგომში ნაკლებ მოხმარებას და ეკონომიას ნიშნავს. კარგად დავიწყებული ძველი მასალა, გოგიჩაიშვილის თქმით, ახალ სიცოცხლეს პოულობს.

სერტიფიკატის გარეშე მასშტაბი არ გამოდის

გასვიანმა ბარიერი ზუსტად დაასახელა: საქართველოში ადგილობრივი მასალის რესურსიც და გამოცდილებაც არსებობს – ხე, აგური, ქვა, თიხა – მაგრამ ჯერ არ არსებობს მათი სერტიფიცირება, ამიტომ დიდი მასშტაბის პროექტზე მათი გამოყენება ვერ ხერხდება; მცდელობები მცირე, ძირითადად კერძო სახლების პროექტებზე რჩება. მაგალითად მოიყვანა კერძო სახლი ოქროყანაში, სადაც დამკვეთის პირობა იყო, რომ ყველა მასალა ადგილობრივი და ბუნებრივი ყოფილიყო: ბეტონი ხის ფიცრებში ჩაასხეს, მომიჯნავე ფასადებზე კი ძველი სახლის ქვა გამოიყენეს, რამაც ერთდროულად ავთენტურობა და მდგრადობის ხაზი მისცა პროექტს. გოგავამ დაამატა, რომ უფრო რთული ნაწილი დამუშავებაა: მასალა ქვეყანაშია, მაგრამ დიდ მასშტაბზე მისი მომზადება ჭირს, მიწოდება ფიზიკურად ნელია, და ეს ვადებზე და ხარჯზე აისახება. გასვიანის საპასუხო არგუმენტი ისაა, რომ ადგილობრივი მასალა უფრო ბიუჯეტურიც შეიძლება იყოს – ბაზრის გამართვა რეალურია, ოღონდ სტრატეგიას, ყურადღებას და ფინანსს მოითხოვს, და ინტერესი ყველას უნდა ჰქონდეს, დამკვეთიდან შემსრულებლამდე. აქედან უფრო არასასიამოვნო კითხვაც დაისვა: თუ მასალის მოპოვება მეტ რესურსსა და ფულს მოითხოვს, ხომ არ სცილდება ეს თავად მდგრადობის იდეას. გასვიანის პასუხი ისაა, რომ ბაზარი ამ გამოწვევისთვის ამ წუთას მცირე პროექტების დონეზეა მზად, მასშტაბისთვის კი მეტი მზაობა სჭირდება.

Hotel Iota ორ ისტორიულ ფასადს შორის
Hotel Iota: არსებულთან მუშაობა. ახალი ჩარევა ორ ისტორიულ ფასადს შორის ფენად ედება დამკვიდრებულ ურბანულ მდგომარეობას და მთლიანად არ ცვლის მას.
ჩარევა ქუჩის მხრიდან, მეზობელ შენობებთან ერთად
როგორ ჯდება ახალი ძველში. ქუჩის მხრიდან ჩარევის რიტმი და სიმაღლე მეზობელ შენობებს პასუხობს; რენოვაცია თავად ხდება ადგილობრივი რელევანტურობის ფორმა.

ტკეპნილი მიწა კახეთში

ფელანგიამ ერთი პროექტი გამოყო: ღვინის ვიზიტორთა ცენტრი და საქვევრე კახეთში, ტკეპნილი მიწისგან. მასალა პროექტის ფილოსოფიამ დაასახელა – თუ ღვინო ყველაზე ბუნებრივ ჭურჭელში, ქვევრში მწიფდება, შენობასაც ყველაზე გულწრფელი მასალა ესაჭიროებოდა. ტექნიკა უმარტივესია: ყალიბში დგები და ხრეშის, ქვიშისა და წყლის ნარევს ტკეპნი. პრობლემა ცოდნის წყვეტაა – საქართველოში მცირე სახლების მაგალითებია, დიდი მასშტაბის შენობა ჯერ არ აშენებულა, და ამ ტექნიკის მცოდნე ადამიანი ძალიან ცოტაა. ამიტომ პროექტში ნეპალელი ექსპერტი ჩართეს, რომელსაც ტკეპნილ მიწასთან დიდი გამოცდილება აქვს, რადგან მიწისძვრის შემდეგ ნეპალის ნაწილი სწორედ ამით აღადგინეს. გოგავას შეფასებით, თუ ეს მშენებლობა შედგება, მასალა პოპულარული გახდება, მასშტაბი ფასზეც აისახება და ადგილობრივი კადრიც გაიზრდება: ერთია ლამაზი პროექტის შექმნა, მეორეა მისი განხორციელება და ზუსტად იმის მიღება, რაც დაგეგმე. მასალას შეზღუდვებიც აქვს – სიმაღლე მათ შორის – თუმცა სეისმომედეგია; მასშტაბზე გასვლა კი, პანელისტების შეფასებით, ხელით ტკეპნის ნაცვლად ტექნოლოგიის ჩართვას მოითხოვს.

ქვის წყობის დეტალი
ტექსტურა და პროპორცია. ქვის წყობა ადგილობრივ გამოძახილს ისტორიული იმიტაციის გარეშე ქმნის.

რესტავრაცია, სადაც შესაძლებელია

რესტავრაციაზე გოგავა კატეგორიული იყო: სადაც ძეგლია და მისი შენარჩუნება შესაძლებელია, ეს უნდა გაკეთდეს, რადგან სწორედ ის ინახავს იმ სახეს, ისტორიასა და კულტურას, რასაც ქალაქი ატარებს. თუმცა კადრის დეფიციტი აქ ახალ მშენებლობაზე მეტია, რადგან რესტავრაცია ეტაპებად იშლება: არსებული ფასადი უნდა შეინარჩუნო მისივე ფორმით, ამისთვის კონსტრუქცია მოაწყო, შიგნით ახალი კარკასი ააშენო და ბოლოს ძველი და ახალი ერთმანეთს დააკავშირო. ავთენტური მასალა ისე უნდა მოხსნა, რომ არ დაზიანდეს და ინტერიერში ხელახლა გამოიყენებოდეს – ამის მცოდნე ბაზარზე ცოტაა. რესტავრაცია ამავე დროს უფრო ხარჯიანი და დროში გაწელილი პროცესია, რეგულაციებითა და შეთანხმებებით; პროცედურები საჭიროა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული. გასვიანის სასტუმრო იოტა კომპრომისს აჩვენებს: შენობა თავად ისტორიული ფასეულობის არ იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილას და ახლო, ისტორიულ მეზობლებს შორის იდგა. დამკვეთის გადაწყვეტილებით არსებული კარკასი მიკედლებითურთ შეინარჩუნეს და მეორე, ვენტილირებადი შრე დაამატეს აკვაპანელით, რომელშიც დრენაჟი და კომუნიკაციები დაიმალა. გოგიჩაიშვილის დასკვნითი წუხილი კიდევ უფრო პირდაპირი იყო: ფასადისთვის საქართველოში თითქმის არაფერი იწარმოება – უჟანგავი ჭანჭიკის უახლოესი მომწოდებელიც თურქეთია – და ამას კერძო ძალისხმევის გვერდით სახელმწიფო ხედვაც სჭირდება. ხელოსანი ხარაჩოდან გირეკავს, რომ ჭანჭიკი დაუთავდა, და მოსატანად თურქეთში მიდიხარ.

ხის კარკასი ქვის კედელთან და მიწასთან
ზედაპირს მიღმა. ხის კარკასი ქვის კედელსა და მიწას ხვდება: ადგილობრივი რელევანტურობა ნაკლებად ფასადის სახეზეა და მეტად იმაზე, თუ როგორ ხვდება შენობა თავის ადგილს.
Synthesis based on the presentation by Gvantsa Chubinidze, Sofia Gasviani, Maria Pelangia, Goga Gugava and David Gogichaishvili at Zak World of Façades Tbilisi, 22 May 2025. Watch the full recording via the link above.